ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი–სექტემბერი)

 
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით მსჯავრდებულმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  მსჯავრდებულ შ.პ.-ისთვის  სისხლის სამართლის საქმეთა ელექტრონული პროგრამიდან მის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების ბარათის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტისა (გამოძიების დაწყების ზუსტი დრო, წელი, თვე და რიცხვი)  და  დანაშაულის   შესახებ  შეტყობინების  რეგისტრაციის ზუსტი დროის (წელი, თვე და რიცხვი) ამსახველი  დოკუმენტების გადაცემა დაევალა. 
 
აღნიშნული დოკუმენტების მიღებით შ.პ.-ს საშუალება მიეცემა, მიმართოს სამამართლოს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვის მოთხოვნით. შსს-ს უარი მოთხოვნილი დოკუმენტის მიღებაზე არსებითად ხელყოფდა შ.პ.-სათვის სასამართლოს  ხელმისაწვდომობის უფლებას. მითითებული დოკუმენტის გარეშე შ.პ. მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიემართა სასამართლოსათვის განაჩენის გადახედვის მოთხოვნით.

2015 წლის 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ  მოქალაქე შ.პ. დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.  2015 წლის 8 ივლისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილების გათვალისწინებით შემსუბუქდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული  დანაშაულებისთვის. 

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა შრომითი დისკრიმინაცია „თელასში“ 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თელასის თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. 2016 წლის 22 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეების - დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

ერთი წლის წინ - 2015 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ უკანონოდ მიიჩნია დავით ნადირაშვილისა და კახა სიმონიძის სამსახურიდან გათავისუფლება და გააუქმა მათი გათავისუფლების ბრძანებები. სასამართლომ მოსარჩელეები სამსახურში აღადგინა და სს „თელასს“ იძულებითი განცდურის - 100 000 ლარამდე ანაზღაურება დააკისრა. ამასთან, სასამართლომ დაადგინა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციის ფაქტი და მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სს „თელასის“ ადმინისტრაციის მხრიდან მიზანმიმართული დევნისა და შევისწროების მსხვერპლნი გახდნენ.

2014 წლის 9 სექტემბერს, სს „თელასის“  გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კობცევმა, სს „თელასის“ შიდა აქტებისა და საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, დაკავებული თანამდებობებიდან უკანონოდ გაათავისუფლა სს „თელასის“ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამმართველოს უფროსი დავით ნადირაშვილი და ამავე სამსახურის ანალიტიკოსი კახა სიმონიძე. 

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატებს ბოდიში მოუხადა

1 ივლისს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იმყოფებოდა №7 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ გოჩა ც.-სთან, ხოლო 5 ივლისს ადვოკატი ეკა ლომიძე იმყოფებოდა №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულ ზურაბ კ.-სთან. ორივე შემთხვევაში ადვოკატებმა დაგეგმეს მომავალი აქტივობები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოინიშნეს ფურცლებზე. დაწესებულებიდან გამოსვლისას ორივე მათგანს ციხის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ამ კონფიდენციალური ჩანაწერების წარდგენა, რაზეც ადვოკატებმა განაცხადეს უარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამასთან დაკავშირებით გაავრცელა მიმართვა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის თავჯდომარესთან ერთად გამართა პრესკონფერენცია . პასუხად,  სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო დარახველიძემ ტელეკომპანია „იმედს“ მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა „საყოველთაოდ ცნობილ“ „საშიშროების მაღალი რისკის პატიმართან“, შალვა აბულაძესთან, რომელმაც ადვოკატს გადასცა „ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი გარკვეული ინფორმაცია, რომლის გატანას ცდილობდა ადვოკატი“ . აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოუწოდა სამინისტროს უარეყო მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. მოგვიანებით, პირადი შეხვედრის დროს სანდრო დარახველიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატს ბოდიში მოუხადა ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის. 

ამასთან, 2016 წლის აგვისტოს თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან ოფიციალურად ეცნობა, რომ 2016 წლის 5 ივლისს №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატ ეკა ლომიძესთან მომხდარი ინცინდენტის გამო, დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისთვის, დისციპლინური წესით დაისაჯა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს  №8 განყოფილების ოთხი თანამშრომელი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  ტელეკომპანია „იმედი“-ს წინააღმდეგ

29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც მთლიანად დაკმაყოფილდა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა, წარდგენილ ვიდეო რგოლს მიენიჭა სოციალური რეკლამის სტატუსი და დაევალა ტელეკომპანიას, განათავსოს საეთერო ბადეში.
 
2016 წლის თებერვალში კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედს" სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება დააკისრა. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შპს "ტელეიმედის" წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარი დააკმაყოფილა. ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ორგანიზაციამ დაამზადა სოციალური რეკლამა და წერილით მიმართა შპს "ტელეიმედს" სოციალური რეკლამის ეთერში განთავსების თაობაზე. ორგანიზაცია აცხადებდა, რომ მიწოდებული აუდიო-ვიზუალური მასალა განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ, საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ, ხოლო ადამიანის უფლებათა ცენტრი არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაც არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს. საჩივარში, ასევე აღნიშნული იყო, რომ მაუწყებელთა უმრავლესობამ, რომელთაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა, რეკლამა უსასყიდლოდ განათავსეს. მათ შორის იყვნენ: შპს "სტუდია მაესტრო", შპს "ტელეკომპანია კავკასია", სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი I", სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი II", შპს "რუსთავი 2", ააიპ "სამოქალაქო განათლების ფონდი", შპს "რადიო პალიტრა", შპს "ქართული რადიო" (რადიო "მაესტრო") და სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიო 1".

ოჯახში ძალადობის საქმე

25 ივლისს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამი წლით პირობითი სასჯელი და 200 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა ოჯახში ძალადობის ფაქტში დამნაშავეს. 2016 წლის 19 ივლისიდან ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმარებოდა ძალადობის მსხვერპლ გ.ქ-ს, რომელიც 2015 წლის 11 თებერვალს  არასრულწლოვანი ცოლად გაჰყვა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ სრულწლოვან რ.გ. 2016 წლის 27 ივნისს გ-ს შეეძინა შვილი. ბავშის დაბადებისთანავე სერვისების სააგენტოს მიერ მიწვდილი ინფორმაციის საფუძველზე გურჯაანის შს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სსკ–ის 11 პრიმა 140 მუხლით, სადაც დაზარალებულად ცნობილია გ.ქ.   

ბოშა ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემა

გარდაბნის რაიონის სოფელ აქთაკლიაში მცხოვრები სასკოლო ასაკის ბოშა და აზერბაიჯანელი ბავშვების ოჯახები ქირაობდნენ მიკრო-ავტობუსს, რათა მათი შვილები ქ. რუსთავში მდებარე ერთადერთ რუსულენოვან №3 საჯარო სკოლაში მიეყვანათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირების შედეგად, განათლების სამინისტრომ აღნიშნულ სკოლას გამოუყო უფასო ავტობუსი, რომელიც მოემსახურება აქთაკლიაში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ოჯახების ბავშვებს. 

ტრანსპორტი მუშაობს ორი სმენით და მომსახურების  ხარჯებს სრულად დაფარავს განათლების სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატირების შედეგად გორის მერიამ ყოფილ პატიმარს ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაუწია 

ჯ. ლ. 2007 წლის ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს დაზარალებული პატიმარია, რა დროსაც მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად მნიშვნელოვნად შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს პენსია და სოციალურად დაუცველთა შემწეობა, რაც მისი წამლების, ქირის (100 ლარი) ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტმა მიმართა გორის მერიას და სთხოვა სოციალური დახმარების გამოყოფა, იქნება ეს საცხოვრებელი ადგილის ყოველთვიური ქირის გადახდის თუ სს „ლიბერთი ბანკში“ არსებული დავალიანების დაფარვა. 

2016 წლის 10 აგვისტოს გორის მერიამ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ჯ. ლ.-ს დახმარების სახით გამოუყო  100 ლარი.
 

6 :m0. '16