სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულის სასარგებლოდ 60 000 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული სასარჩელო მოთხოვნა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 60 000 ლარის გადახდა დააკისრა, მხოლოდ მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს მსჯავრდებულ ლ.ჭ.-ს ინტერესებს, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ორ სისხლის სამართლის საქმეში. მსჯავრდებული ლ.ჭ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. 

მსჯავრდებული ლ. ჭ. სასამართლოს გზით ითხოვდა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რაშიც იურიდიულ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე უწევდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მხარი დაუჭიროს ახლო წარსულში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა სამართლებრივი რეაბილიტაციის ყოველ მცდელობას, რასაც მსხვერპლები თავიანთი ინიციატივით მიმართავენ და სამართლიანად მოითხოვენ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ერთი თვის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მორიგების გზით გადაწყვიტა დავა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კიდევ ერთ მსხვერპლთან, თ.რ.-სთან, რომლის ინტერესებსაც ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. ახლახან თ.რ-ს სამინისტრომ კომპენსაციის სახით 20 000 ლარი გადაუხადა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი



15 ნოე. '16